Friday, December 16, 2011

როდის დასრულდება მესხიშვილის თეატრის რეაბილიტაცია?


უკვე რამდენიმე თვეა, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თეატრის ისტორიაში ახალი სიცოცხლე იწყება, 2011 წლის ბოლოს ქუთათურები სახეშეცვლილ, რეაბილიტირებულ თეატრს ელიან. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს მოლოდინი გაურკვეველი ვადით გაჭიანურდება. ამის შესახებ 18 ნოემბერს შევიტყვეთ, როცა  „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაცია დაგვიკავშირდა.

ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო დოლიძემ ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა: „ჩვენთვის ცნობილია, რომ თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები თანხის უქონლობის გამო შეჩერებულია, რამაც, თავისთავად, გამოიწვია მუშათა სახელფასო დავალიანებები. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მისთვის მთავარია ფილების დაგება, შადრევნები და გარე ფასადები, ვიდრე - თეატრი და ადამიანთა სულიერი საზრდო.“
როგორც გავარკვიეთ, თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფირმა Msm grwpi ასრულებდა.
ჩვენ მოვძებნეთ ერთ-ერთი მუშა, რომელმაც მართალია, სახელი და გვარი არ გაგვიმხილა, თუმცა საქმის არსი კი გაგვაცნო:
„სამი თვეა, ოცდაათამდე მუშას ანაზღაურება არ მიგვიღია. ჩვენ თეატრის შიდა სარემონტო სამუშაოებზე ვიყავით დასაქმებულები. მართალია, დამსაქმებელ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმებული გვაქვს, მაგრამ, ჯერჯერობით, თანხა არავის მოუცია. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კომპანია, რომელიც თეატრის რეაბილიტაციას ახდენდა, გაკოტრდა და სახელფასო დავალიანების მიზეზიც სწორედ ეს არის. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჯერ არ მიგვიმართავს. იმედია, ორივე მხარე ჭკუას მოუხმობს და კუთვნილ ანაზღაურებას მოგვცემენ.“
მუშები ხელფასს ვერ იღებენ, თეატრის რეაბილიტაცია შეჩერებულია, ქუთაისის მოსახლეობა კი გალამაზებულ თეატრს ელოდება... თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა: „მე ვერაფერს გეტყვით. დირექცია თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებში არ ერევა. ჩვენ მხოლოდ ზედამხედველობას ვაწარმოებთ. ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამუშაოები. არც ის ვიცი, რომელი კომპანია ახდენს თეატრის რეაბილიტაციას და არც ის, თუ რამდენია ამისათვის გამოყოფილი. ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ ზემდგომ უწყებებში მოიკითხოთ.“
ჩვენთან კომენტარი გააკეთა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა:„აღნიშნულ კომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემები. მაგათ ჩვენგან ავანსის სახით 300 ათასი ლარი წაიღეს და არამიზნობრივად გაფლანგეს. თუკი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პრობლემებს არ მოაგვარებენ, საქმეს პროკურატურას გადავცემთ. ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს შესასრულებელი და, ვეჭვობ, რომ ვერ შეასრულებენ, იმდენად სერიოზული პრობლემებია. მერია კი შეუსრულებელი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებას ნამდვილად არ აპირებს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქმე სასამართლომდე მივა. რაც შეეხება მუშების სახელფასო დავალიანებას, ჩვენ ამაზე პასუხისმგებლები არ ვართ. ყველა მუშას მოვუწოდებთ, რომ მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად კომპანიასთან აუცილებლად გააფორმონ შრომითი ხელშეკრულებები.“
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფაქტი ერთია: თუ პრობლემები არ მოგვარდა და მუშებმაც ანაზღაურება არ მიიღეს, ალბათ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს დაუმთავრებელი და მოუწესრიგებელი თეატრის გარეფასადის ყურება.

Monday, July 4, 2011

ეს უნდა ნახოთ___ეს უნდა იცოდეთ...


ბაგრატის ტაძარი___ ქუთაისში, უქიმერონის გორაზე მდებარეობს, ტაძარი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოდ ითვლება და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის სახელს ატარებს. ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და 1003 წელს დამთავრდა.
ულამაზესი ხედი იშლება ბაგრატის ტაძრის ეზოდან, ქალაქ ქუთაისის…
ეს უნდა ნახოთ…
გელათის მონასტერი___ 1106 წელს დაარსდა, დავით აღმაშენებლის თაოსნობით. მონასტრის გალავნის სამხრეთით დავით აღმაშენებლის საფლავია.
ტერიტორიულად ქუთაისთან ახლოს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
მონასტრის ეზოში რომ შეხვალთ,დიდ ეზოში ვიწრო ბილიკზე მოსიარულე, ნამდვილად იგრძნობთ, რომ სიმშვიდის და სილამაზის სამყაროს ეზიარეთ, ისეთი გრძნობაა თითქოს ღმერთთან ძალიან ახლოს ხართ. ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მიყვარს იქ ყოფნა, მიყვარს როცა შემოსასვლელთან ვტოვებ უარყოფით აურას და დადებითით ვივსები…
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა კიდევ და შეიძლება უამრავი ვილაპარაკო, მაგრამ სიტყვები ხომ ვევ გადმოქცემთ იმის ნახევარ განცდასაც კი , როცა თქვენი თვალით ნახავთ ყველაფერს,გაეცნობით და დაათვარიელებთ ისტორიის უდიდეს საგანძურს…
ეს უნდა ნახოთ…
მოწამეთის სამონასტრო___ კომპლექსი გელათის თაძართან ახლოს მდებარეობს, იგი აგებულია წმინდანი ძმების დავითისა და კონსტანტინე მხეიძეების სახელის უკვდავების ნიშნად.
საოცარი და განუმეორებელი ბუნება მოწამეთის სამონასტრო კომპლექსის ირგვლის ულამაზეს სანახაობას ქმნის…
ეს უნდა ნახოთ… ეს ჩვენი ქვეყანაა ... აქ იმერეთია...
       
                                                                   levan25

Saturday, July 2, 2011

ნახე___"პრომეთეს მღვიმე"


მთელმა საქართველომ გაიგო, რომ მიწისქვეშა სამყარო იმერეთში არა მარტო სათაფლიაზეა. პრომეთეს (ყუმისთავის) მღვიმე წყალტუბოდან ახლოს მდებარეობს. მღვიმის სიგრძე კილომეტრსა და 600 მეტრს შეადგენს. პრომეთეს მღვიმეში მიწისქვეშა საოცარ სამყაროს, კიდევ უფრო მრავალფეოვანს და საინტერესოს ქმნის მდინარები რომლებიც მღვიმეს ალამაზებს და ორიგინალურობას მატებს. ლაზერ-შოუ, ხელოვნური განათება,მღვიმეში როგორც ნავით ასევე ფეხით სეირნობა, და უნიკალური ხედები, ტურისტებს და იმ ადამიანებს ვისაც თავისი ქვეყნის ეს სიმდიდრე არ უნახავს,ნამდვილად მისცემს იმის საშუალებას, რომ დაუზარებლად გაავრცელონ თავიანთი შთაბეჭდილებები და ყველას ურჩიონ მისვლა იქ, სადაც საქართველო, კონკრეტულად კი იმერეთი, პრომეთეს (ყუმისთავის) მღვიმეში, უდიდეს, უმშვენიერეს, დაუვიწყარ,მიწისქვეშა სამყაროს მალავს. მღვიმეში აღმოჩენილია  როგორც უმშვენიერესი ტბა, ასევე თექვსმეტი დარბაზი, ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან, განსხვავდება არა მარტო მაშტაბით ასევე ჩამონაღვენთების ფორმებით, რომელიც არ ნახულ სანახაობას ქმნის. მღვიმე ზღვის დონიდან ასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მისი ჰაერი ასთმით დაავადებულთათვის, მათ ჯამრთელობაზე სასიკეთოდ მოქმედებს.
შენ მოგეცა საშუალება ნახო რა სილამაზეს მალავდა შენი ქვეყანა, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა…

Wednesday, June 29, 2011

ეს უბრალოდ უნდა ნახოთ...


ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს, იმერეთში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშში. მწერალი იმერელ თავადთა შთამომავალი გახლდათ. მისი მოთხრობებია: “გული”, “ტრაგედია უგმიროდ”, “საბა”, “ძლიერნი სულნი” და კიდევ ბევრი სხვა, მწერლის ემოციით გაჟღენთილი მოთხრობები. რამოდენიმე დღის წინ მე და ჩემმა კოლეგებმა (ჟურნალისტებმა) გადავწყვიტეთ წყალტუბოში წავსულიყავით და იქვე ახლოს სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი გვენახა, გვენახა ის ადგილი სადაც არაერთი გენიალური და უკვდავი მოთხრობები შეიქმნა. სიმართლე გითხრათ ნიკოს სახლ-მუზეუმში პირველად გახლდით, ულამაზესი ადგილია, როცა ეზოში შევედით, სიმწვანეში ჩაფლული ნიკოს სახლი ისე თბილად ანათებდა შორიდან, ფეხს ავუჩქარეთ ერთი სული გვქონდა სახლში როდის შევიდოდით, დიდი ტრიალი მინდორის გავლის შემდეგ ერთი სტუმართმოყვარე კაცი რომელიც იმ დღეს მორიგე იყო და ნიკოს კარ-მიდამოს უვლიდა ძალიან თბილად შეგვხვდა და დიდი მწერლის სახლიც დაგვათვარიელებინა. ლორთქიფანიძის სახლში რომ  შევედი სასიამოვნო სიძველის სუნი იდგა, ვნახეთ მისი საწერი მაგიდა, მისი საძინებელი, უამრავი ფოტო, სახლში 4 ოთახია, ყველა ოთახს თავისი ბუხარი აქვს, რაც კიდევ უფრო სიძველის ეფექტს იძლევა. თითქოს ნიკო იმ წუთებშიც ქმნიდა ღირებულს ისეთი შეგრძნება დამეუფლა, მართლა მთელი გულით და უკვე მერამდენედ ვიამაყე რომ ქართველი ვარ. უმშვენიერესი დიდი ეზო დავათვარიელეთ, ბევრი ფოტო გადავიღეთ, და დადებითი ემოციებით დატვირთული დავბრუნდით უკან...
                                                                                                                               levan25

Tuesday, June 21, 2011

ნახე_____სათაფლია


სათაფლიის კარსტული მღვიმე იმერეთში ქუთაისთან ახლოს, ქალაქის ჩრდილო- დასავლეთით მდებარეობს, 6 კილომეტრის დაშორებით.
იგი დერეფნული ტიპისაა,აქვს განშტოებებიც,სათაფლიის მღვიმე როგორც ცნობილია აღმოაჩინა ქუთაისელმა მხარეთ მცოდნემ პეტრე ჭაბუკიანმა. ნაკრძალის ტერიტორიაზე, შემონახულია გეოლოგიურ ხანაში გადაშენებულ ცხოველთა_დინოზავრების ნაკვალევი.
როცა სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის კეთილმოწყობა დასრულდა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა განახლებული სათაფლიის ნახვის. წავედი…გზაში ბევრს ვფიქრობდი როგორი იქნებოდა შეცვლილი სათაფლიის ნაკრძალი, მივედი თუ არა იმ წუთშივე მომხვდა თვალში სიახლე, იქ სადაც ღია ცის ქვეშ,ეზოს შესასვლელში ახლოს, ვნახულობდით დინოზავრის ნაკვალევს, აღმართული დამხვდა საკონსერვაციო ულამაზესი ნაგებობა.
მივაბიჯებდი ნაკრძალის ბილიკებზე და ვფიქრობდი, როგორ შეიცვალა ყველაფერი მას შემდეგ, როცა მე და ჩემი მეგობრები წლების წინ ლაშქრობაზე მოვდიოდით ხოლმე, დრო ხომ თავის კვალს ყველგან ტოვებს.

ეზოში განათების ბოძებზე ორიგინალური ფორმის გამნათებლებია მიმაგრებული, ასევე იმ ემოციას ვერ გადმოგცემთ, როდესააც სიმაღლეზე გადებულ მინის გადასახედზე გავიარე, მცირეოდენი შიში იმდენ დადებით ენერგიას მაძლევდა ვერ აღვწერ.
საოცარი სანახაობაა როდესაც მღვიმეში შეაბიჯებ და თვალს მოგჭრის ფერადი განათება რომელიც სტალაქტიტებს ამშვენებს. მიწისქვეშა საოცრად ლამაზი სამყარო გაძლევს იმის საშუალებას რომ დადებითი ენერგიით აივსო, დაივიწყო ცუდი და მხოლოდ ამ სილამაზეზე იფიქრო.
სამწუხაროდ მალევე მომიწია სახლში დაბრუნება, ალბათ ბევრი რამის ნახვა კიდევ ვერ მოვასწარი (თუმცა,დრო ბევრია) , იმედია მალე ისევ წავალ, იქ ხომ ვერ მოიწყენ, იქ სხვა გარემოა, რომელიც გამშვიდებს, სადაც ამაყობ რომ ქართველი ხარ, რომ შენს ქვეყანას გააჩნია ასეთი სიმდიდრე…
ნახე შენც…
                                                                                                                          levan25

Monday, June 13, 2011

რა ხდებოდა 8 ივნისს ქუთაისის ოპერის თეატრში?


საქველმოქმედო მუსიკალური ფესტივალი, მიმდინარეობდა,  სახელწოდებით „არტ-ნოტი“,  დარბაზი გაივსო მაყურებლით, მათი დიდი ნაწილი ბავშვები იყო. აქ ჩვენ ორგანიზატორებს ვესაუბრეთ ამ საღამოსთან დაკავშირებით:
ჯენი კვანტალიანი: „დღევანდელი საღამო საქველმოქმედოა, ფესტივალს  მე და მაკუნა სულაკაძე ვხელმძღვანელობთ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ სპონტანურად,ანუ იდეის დონეზე იყო, რომ მიუსაფარ ბავშვებს დავხმარებოდით. ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთი დღე სწორედ ამ ბავშვებისთვის მიგვეძღვნა. გრანდიოზულ ფესტივალს, უძღვება ნუგზარ კვაშალი. მოწვეულნი არიან დისნეის სხვადასხვა გმირები, მულტიპლიკაციური პერსონაჟები, ასევე იქნება პეპი გრძელი წინდა, რომელიც გაართობს ბავშვებს და, რაც ყველაზე აღსანიშნავია, ქუთაისში პირველი შემთხვევა, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ ბავშვები მონაწილეობას, ესენი არიან, თბილისიდან, ზღვისპირეთიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ბავშვები სტუდიების სახით,ისინი ეწევიან დღეს ქველმოქმედებას“.
მაკუნა სულაკაძე: „ეს საღამო კეთდება ადამიანებისთვის, რომლებსაც აკლიათ სულიერი, რაღაც მატერიალურ სიკეთეებთან ერთად. მათ გავულამაზეთ ცხოვრების ერთი დღე. ამ საღამოს მოჰყვება გაგრძელებები, ამაში გვეხმარება ქალბატონი როზა დვალიშვილი, ოპერის თეატრი მზად არის ჩვენთან ითანამშრომლოს, ბავშვთა სახლებს დაუდგეს გვერდით და მსგავსი საღამოები ჩაატაროს. არიან ადამიანები, ჩვენი მეგობარი კომპანიები, რომლებმაც ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისათვის გაიღეს გარკვეული საჩუქრები. დღეს ეს ბავშვები ჩვენი სტუმრები არიან.
ასევე გავესაუბრეთ ანსამბლ „ივერიის“ ერთ-ერთ ვარსკვლავს და ამ საღამოს წამყვანს ნუგზარ კვაშალს.
ნუგზარ კვაშალი: „საერთოდ საქველმოქმედო აქციას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, როცა ეს ბავშვებს ეხებათ მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დიდი მოფერება სჭირდებათ ბავშვებს, რომლებსაც აკლიათ სიყვარული. დღეს ორმოცდაცხრამეტი ნომერია კონცერტში, უმღერებენ იმას, რასაც დიდი სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე და სილამაზე ჰქვია, ეს უნდა იყოს მუდამ რადგან ასეთი ბავშვები, სამწუხაროდ, ყოველთვის იქნებიან და ვეცადოთ, რომ ხშირად ჩავეხუტოთ მათ„.
ფესტივალი ანსამბლმა „ფიონმა“ გახსნა, რამდენიმე წუთში კი სცენაზე საღამოს წამყვანი ნუგზარ კვაშალიც გამოჩნდდა, მან დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ სცენას ქალბატონი დაიკავებდა სიმღერით.ყველა იმის მოლოდინში იყო, რომ ვინმე სრულწლოვანი გოგონა წარსდგებოდა პუბლიკის წინაშე. როცა ოპერის დიდ სცენაზე 3 წლის ელენე გამოჩნდა, გაოცებული მაყურებელი აღტაცებით უკრავდა ტაშს.
ვესაუბრეთ დამსწრეებს, თუ რას ფიქობდნენ ამ საღამოსთან დაკავშირებით:
ქეთი, 22 წლის: „მისასალმებელია, როცა მსგავსი სახის საღამოები ეწყობა, განსაკუთრებით კარგია, ბავშვები რომ აქტიურად არიან ჩართულნი თავიანთი თანატოლების თანადგომისთვის“.
ზურა, 25 წლის: „საინტერესო და ლამაზი საღამოა, მიხარია, რომ ეს ყველაფერი ქუთაისში ხდება, რაც ყველაზე მთავარია, დღევანდელი დღე ხომ ქველმოქმედებას ემსახურება“.
დარბაზში ემოციური რეპლიკა გაისმა: „ბავშვობაში დავბრუნდი“! იმდენად ხმამაღალმა და გულწრფელად გაიჟღერა ამ ფრაზამ პარტერში, რომ ხალხი მომღიმარი სახით და თვალებით ეძებდა ამ სიტყვების ავტორს.
საღამო სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, საინიციატივო ჯგუფმა  „ვთქვათ და ვაკეთოთ უფრო მეტი“ - ასეთი ლამაზი დღე აჩუქეს ბავშვებს და არა მარტო მათ, - ყველა ასაკის ადამიანი ინტერესით ადევნებდა თვალყურს ფესტივალს.
                                                                                                                25                                                                                                    

Monday, June 6, 2011

თანამედროვეობას ამოფარებული სიძველე


საქართველოს დამოუკიდებლობის ოცი წლის თავზე, 26 მაისს, ქუთაისის ცენტრში, „ოქროს ჩარდახში“, ღია ცის ქვეშ, გათანამედროვებული ტრადიციული ქართული სამოსის ჩვენება გაიმართა. წარმოდგენილი იყო დიზაინერების ეკა აბულაძის, ხათუნა ჭიჭინაძის, მაგდასა და სალომეს ნამუშევრები.
საღამოს რვა საათზე დანიშნული ჩვენება რამდენიმე წუთით გვიან დაიწყო, თუმცა ნამდვილად ღირდა ლოდინი. საღამო ქართული ხალხური სიმღერით გაიხსნა, შემდეგ კი გემოვნებიან გათანამედროვებულ ტრადიციულ ქართულ სამოსელში ჩაცმული მოდელები საზოგადოების წინაშე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და დამსწრეებისგანაც არ აკლდათ აპლოდისმენტები.
ჩვენებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე და საზოგადოებისთვის ცნობილი და არა ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამთა თურმანიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა:
- ეს ღონისძიება ჩატარდა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების მხარდაჭერით,ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს ქართული ტრადიციული სამოსის ელემენტების პოპულარიზაცია თანამედროვე ტანისამოსში. ეს არის ერთგვარი ხიდი წარსულსა და დღევანდელობას შორის. სიმბოლურია, რომ ღონისძიება გაიმართა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეს ჩვენება ერთგვარი მოგზაურობა იყო წარსულში, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გადაგვეფასებინა, ვინ ვართ და რა არის ჩვენი ტრადიციები. ამგვარი ღონისძიება წელს პირველად ჩატარდა, ამ პროექტის ავტორი არის ქალბატონი თინათინ მაჭავარიანი.
ასევე ვესაუბრეთ ერთ-ერთ დიზაინერს ეკა აბულაძეს:
- ძალიან ლამაზი საღამო იყო, ვფიქრობ, ეროვნული სამოსის ჩვენება ყოველთვის ღირსეულია. ეს კოლექცია ძალიან მცირე დროში, ათ დღეში შეიქმნა, მართლა საინტერესო იყო და, მგონია, ხალხიც კმაყოფილი უნდა იყოს ამ ლამაზი დღით.
„ოქროს ჩარდახის“ სადად, ძველი ქართული შტრიხებით მოწყობილი ეზო წლების უკან დაგაბრუნებდათ,გემოვნებიანი ქართული მუსიკა,განათება, ჩოხებში გამოწყობილი ახალგაზრდები...
ჩვენ დამსწრე ახალგაზრდებს გავესაუბრეთ, თუ რა შთაბეჭდილება დატოვა მათში ამ ჩვენებამ.
გიგა, 20 წლის: ლამაზი საღამო იყო, მომეწონა ის გემოვნებიანი სამოსელი, რომელიც მოდელებს ამშვენებდათ, მე ოცი წლის ვარ და, სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ, ძველ დროში ვიმოგზაურე, ძალიან მაგარი იყო, მომეწონა. მოხარული ვიქნები, თუ მსგავს ლამაზ საღამოებს კიდევ აჩუქებენ ქუთაისს და ქუთაისელებს.
ანი, 18 წლის: საერთო ჯამში მომეწონა. როგორი ორიგინალური სამოსის ჩვენებაც იყო, ისეთივე ორიგინალური საღამო გამოვიდა, კმაყოფილი ვარ.
ჩვენება დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა და ეს საათი ნამდვილად არ მოგცემდათ მოწყენის საშუალებას.
                                                                                                   levan25

„ქვისფერ ქალაქში ქრისტინე ქრის...“


„...ცისფერი ქალაქი
ახლა ქვის ფერია,

სულები ქრის, 
დამეძებს,
მეძახის
მფარველი ფერია:
ქრისტინე,
ქრის...“

ამ ლექსის ავტორი 23 წლის ქრისტინე რობაქიძეა. მან ამჯერად ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პირველი კორპუსის მთავარ ფოიეში „გაიქროლა“. 31 მაისს, 4 საათზე, გამოიფინა შემოქმედის ნახატები: „გეიშები“, „ჩიტები“, „მე შენ გაგალღობ“, „წითელი ოთახი“ და ასე შემდეგ... ეს იმ ნახატთა უმცირესი ჩამონათვალია, რომელიც ქრისტინე რობაქიძემ შექმნა.
ახალგაზრდა შემოქმედს ნერვიულობასთან ერთად ბედნიერებაც აშკარად ეტყობოდა.
კითხვაზე - უფრო ხშირად როდის ხატავს, მარტივად და დაუფიქრებლად მიპასუხა: „ნებისმიერ დროს“.
ქრისტინე რობაქიძე: „დღევანდელი დღე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ტარდება. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მათ. პირველი შემთხვევაა, როცა თავიანთი ინიციატივით, ასეთი დღე მაჩუქეს. ბოლო ოთხი წლის მანძილზე შექმნილი ნახატები პირველად გამოიფინა ასე ერთად. მინდა ეს გავიმეორო ბათუმსა და თბილისში. ჩემთვის მეთორმეტე პერსონალური გამოფენაა, თუმცა უნივერსიტეტში ეს პირველადაა. ძალიან ვნერვიულობ, ყველა ადამიანის აზრი მაინტერესებს.“
გამოფენას დამსწრეები ნამდვილად არ აკლდა, ყველა ინტერესით და დაკვირვებით ათვალიერებდა უკვე ცნობილი და აღიარებული ახალგაზრდა შემოქმედის ნახატებს.
ირინე მაჩალაძე: „არაჩვეულებრივი გამოფენაა, სიტყვები არ მყოფნის, ყველაფერი ისეა, როგორც ქრისტინეს შეეფერება.“
გიორგი ლობჟანიძე: „აღფრთოვანებული ვარ. თბილისიდან ჩამოვედი და ნამდვილად ღირდა ამხელა გზის გამოვლა. მინდა, რომ კარგი მომავალი ჰქონდეს და უფრო და უფრო მეტი გამოფენები მოეწყოს, ხელშეწყობა და გვერდით დგომაა მთავარი იმ ადამიანებისაგან, ვისაც შეუძლიათ, დახმარება გაუწიონ.“
შემოქმედს ულოცავდნენ ამ წარმატებულ დღეს, მის ნახატებს ათვალიერებდნენ, აფასებდნენ და კმაყოფილებას ვერ მალავდნენ ქრისტინეს გაზაფხულის საღამოზე მიწვეული სტუმრები.
                                                                                                                                   levan25